ნაცია, ფინანსური კაპიტალი და დიდი იმპერიული კულტურა

ნაცია, ფინანსური კაპიტალი და დიდი იმპერიული კულტურა

 

ერი, თუ მას აბსოლუტური მითოლოგიის (ა. ლოსევი) თვალსაზრისით განვიხილავთ, წარმოადგენს არა ოდენ დროსა და სივრცეში ეგზისტირებად, ისტორიით დეტერმინირებულ თუ ცვალებადად შემოსაზღვრული ტერიტორიის სამანებში მოქმედ ტემპორალურ ფენომენს, არამედ ტრანსისტორიულ და ფუნდამენტალ-ონტოლოგიურ სტიქიას, რომელსაც გააჩნია თვისი მეტაფიზიკური საფუძველი, პროვიდენციალურ-წინასწარგანჩინებითი განზომილება და რასაკვირველია, რომლის სუბიექტი არის ხალხი. (народ, Volk)

 

ჩვენ, აღნიშნულ წერილში, განზრახ ვამბობთ უარს ერის ამგვარ დეფინიციაზე; მივყვებით რა მოდერნული მეცნიერების მეთოდოლოგიას, (რელატიური მითოლოგია) მის მკაცრ, სკეპტიკურ, მშრალ და რეპრესიულ ლოგიკას, ერს განვიხილავთ, როგორც ცივილიზაციური განვითარების კონკრეტულ სტადიათა კვალდაკვალ წარმოშობილ თანაფენომენს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ხალხთა წინარენაციონალური, დროებითი მდგომარეობა, რაიც მოდერნული ნაციისთვის დამახასიათებელი სისტემური შემჭიდროვებულობისა და ერთიანობის პრინციპისგან განსხვავებით, განირჩევა დროსა თუ სივრცეში გაბნეული, ერთმანეთთან სუსტად დაკავშირებული, დეზინტეგრირებული ელემენტების თანაარსებობით (თემები, ტომები, სამეფო-სამთავროები, მამულები, წოდებები და ა.შ.) - ასე მაგალითად, ქართველურ ხალხებს შორის ერთიანობისკენ მიდრეკილება ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში არსებობდა, ამავე პერიოდის ისტორიული წყაროები და ტექსტები უკვე ადასტურებს ერთიანი ქართული იდენტობის არსებობას, რომ არაფერი ვთქვათ თავად ამ ერთობის მკაცრ პოლიტიკურ ფაქტებზე სხვადასხვა მეფეთა ზეობის ხანაში - ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად მიზანშეწონილად მივიჩნევთ აპელაციებს ამ ერთიანობის წყვეტილობასა და ლაბილურობაზე, სამეცნიერო ეთოსი გვავალდებულებს უკუვაგდოთ ის მცდარი მოსაზრება, რომ თითქოს ერთიანი ქართული იდენტობა (ქართველობის ეროვნული განცდა) ოდენ მე-19 საუკუნის ცარისტული იმპერიის პირობებში ან საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა და ჩავთვალოთ ამდაგვარი უცნაური მტკიცებანი ან საქართველოს ისტორიის არცოდნად, ანდაც გამიზნულ და გააზრებულ ტყუილად - ჰობსბაუმისეული მარქსისტულ-ორთოდოქსალური ისტორიოგრაფიის კლიშეებით ნახევარ-დაბრმავებად - მოდერნის შეფარდებით მითოლოგიად. ამასთან ერთად, ჩვენ ვერ დავაკნინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს, როგორც მოდერნული ნაციის სისტემური დაფუძნება რუსეთის იმპერიაში მოხდა, თუმცაღა გადამეტებად მიგვაჩნია იმის უარყოფა, რომ ქართველთა ნაციონალური ერთობა ჩანასახოვანი სახით საუკუნეებით ადრე არსებობდა - მე-19 და მე-20 საუკუნეებში საქმე გვქონდა არა "ნაციის გამოგონებასთან", (რისი მტკიცებაც უდავოდ აბსურდულია) არამედ აქამდე არსებული საერთო-ეროვნული ელემენტებისა და არქეტიპების განმანათლებლურ-ინსტიტუციონალურ, მეცნიერულ სისტემატიზაციასთან.

 

სხვაგვარად, რთული იქნება ნაციონალისტური მითის აღორძინებისა და არნახული გამძლეობის ახსნა მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში. ნაციონალური მითოლოგიის აფექტურ-რეზისტენტულ ძალმოსილებასა და მის უპირატესობას კლასობრივ მითოსზე ჭვრეტდნენ ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც არიან: ჟორჟ სორელი, ვერნერ ზომბარტი, კარლ შმიტი, ოსვალდ შპენგლერი, ალფრედ როზენბერგი და სხვანი. ნაციონალისტური მითოლოგიის აბსოლუტისტურ ხასიათს გრძნობდა და იაზრებდა თავად ხალხთა ბელადი, მისი უდიდებულესობა - იოსებ სტალინი, რომლის ცნობილმა ფორმულამ - "ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური", პრაქტიკულ პოლიტიკაში თანდათან პირუკუ განვითარების ხასიათი შეიძინა და ეს სრულიადაც არ ყოფილა შემთხვევითი პროცესი.

 

საგულისხმოა, რომ ლიბერალური ჟანდარმერიის ქადაგებანი ინდივიდის თავისუფლებაზე, დროში ემთხვევა "ნაციათა დაბადებას", მათი თვითგამორკვევისა და იმპერიისგან განთავისუფლების პათოსს, ნაციონალიზმი არის ინდივიდის ლიბერალური განთავისუფლების მიდრეკილებათა პროეცირება საერთაშორისო პოლიტიკაში - როგორც ინდივიდს სურს გათავისუფლდეს საზოგადოებისა და სახელმწიფოს რეპრესიისგან, ისე ნაცია მიესწრაფვის იმპერიისგან ემანსიპაციას - ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ თავისუფლებასთან. ნაციონალიზმი და ლიბერალიზმი ერთი მედლის ორი მხარეა, ასე რომ, თუ კარგად გადავფხეკთ ნაციონალისტს, საფარქვეშ ყოველთვის დავინახავთ შეშინებულ ლიბერალს და პირიქით. აღნიშნულ იდეოლოგიათა გამოჩენის ისტორიულ დროში თანხვედრა ოდნავადაც არ არის შემთხვევითი - ნაციონალურ-ბურჟუაზიულ ინდუსტრიულ კაპიტალს და მის წარმომადგენელ ბურჟუა-ნაციონალისტთა კლასს, თავის დროზე სჭირდებოდა ნაციონალიზმის ინსტრუმენტალიზაცია დიდი მონარქისტული იმპერიების განადგურებისთვის, შემდგომში განხორციელდა სამრეწველო და საბანკო კაპიტალის ურთიერთშეზრდა, ფინანსური კაპიტალი ვეღარ ეტეოდა ვიწრო ნაციონალურ-სახელმწიფოებრივ საზღვრებში და იწყო დეტერიტორიარიზება, გახდა ექსპანსიონისტური და ტრანსნაციონალური, ინტერნაციონალური სავახშო-სპეკულაციური კაპიტალი მისთვის ბუნებრივი საბანკო-ეკონომიკური ექსპანსიის პირობებში, დროებით მტრად მოეკიდა ნაციონალისტურ იდეოლოგიას, მაგრამ ყოველთვის, როდესაც ფინანსური კაპიტალი მისთვის დამახასიათებელი ციკლური კრიზისის ფაზაში შედის, იგი ფარად და მახვილად იყენებს აღვირაწყვეტილ ნაციონალიზმს, თესავს ერთა შორის მტრობასა და პათოლოგიურ სიძულვილს - ნაციონალიზმი, სხვაგვარად შეიძლება განისაზღვროს, როგორც ბანკირთა და ფინანსისტთა კლასის უკანასკნელი თავშესაფარი, რომელიც დგას გაღატაკებული მასების დეზორიენტირებულ რესენტიმენტზე. ის, რომ დენაციონალიზებული სავახშო-ფინანსური კაპიტალი მუდმივი და შეუქცევადი ესპანსირებისკენ მიისწრაფის, (გავიხსენოთ ლენინის ათეულობით ნაშრომი და წერილი მოცემულ საკითხზე) შესანიშნავად გამოჩნდა აშშ-ისა და რუსეთის მიმდინარე დაპირისპირებაში, რომლის პოლიგონად დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების შეთანხმების მიხედვით უკრაინა იქცა. აშშ-ის გლობალურ ფინანსურ კაპიტალს, რომელმაც დღეს ლამის მთელი მსოფლიო ჩაყლაპა, შემდგომი გაფართოების მიზნით, სჭირდება რუსეთის ბუნებრივი და ფინანსური რესურსების სრულიად ხელში ჩაგდება, ეს თავად ონტოლოგიზებული კაპიტალის შინაგანი ლოგიკაა და იგი ვერ აიხსნება მხოლოდ რომელიმე პარტიისა თუ სახელმწიფოს "ბოროტი განზრახვებით", კიდევ უფრო სასაცილოა აღნიშნული კონფლიქტის ვიწრო ნაციონალურ-შოვინისტური კატეგორიებით ახსნა და აფექტურ-ირაციონალური ინსინუაციები. აშშ-ის ფინანსურმა კაპიტალმა, გლობალური კაპიტალისტური იმპერიის პერიფერიაზე, შეჰქმნა მეტად უცნაური გეოპოლიტიკური პლაცდარმი, რომელშიც ერთმანეთის გვერდიგვერდ, პარადოქსულად თანაარსებობს - ჰიბრიდული ნეონაცისტური იდეოლოგია და ლგბტ ანთროპოლოგია, ქვეყანა, რომელიც მთლიანად საერთაშორისო ოლიგარქიისა და დეტერიტორიარიზებული ანგლო-საქსური კაპიტალის ხელშია, გაუმაძღარი ფინანსური ელიტა, რომელიც დაუნდობელ ეკონომიკურ ექსპლუატაციას უწევს ადგილობრივ ხალხს და მისი გაღატაკების ხარჯზე მდიდრდება, პოლიტიკური კლასი, რომელიც მთლიანად აშშ-ის მიერ იმართება და რომლის ხელითაც დასავლეთმა პირწმინდად გაანადგურა უკრაინის გიგანტური საბჭოთა მემკვიდრეობა: მძლავრი ინდუსტრია, მძიმე და მსუბუქი მრეწველობა, ფაბრიკა-ქარხნები, საოცრად განვითარებული სოფლის მეურნეობა, სამეცნიერო ინსტიტუტები, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებანი და სხვა. უკრაინის დემოგრაფიული და ეკონომიკური მდგომარეობა, პოსტ-საბჭოთა დასავლური ტრანზიციის პირობებში უჩვეულო, კატასტროფულ ვარდნას განიცდის.

 

არსებულ მდგომარეობას, კიდევ უფრო პარადოქსულს ხდის თავად რუსეთის აღვირახსნილი კვაზი-იმპერიალისტური პოლიტიკა. დღესდღეობით, რუსეთს, საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, არ გააჩნია არავითარი პოზიტიური პროექტი, რომელიც მეზობელი სახელმწიფოებისთვის მიზიდულობის ცენტრი იქნებოდა, რუსეთი თავად არის ამერიკანიზებული სახელმწიფო, რომელშიც გაბატონებულია: ნეოლიბერალური ეკონომიკური ურთიერთობები, პოსტინდუსტრიული სამომხმარებლო საზოგადოება, მსხვილი ქალაქების ვირტუალური ეკონომიკა, დისკრეტული ინდივიდუალიზმი და კონსუმერიზმი. აგრეთვე გაუგებარია უკრაინის დენაციფიკაციაზე საუბარი მაშინ, როდესაც თავად კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტები გამოირჩევიან სრულიად ცინიკური და ქედმაღლური ნაციონალისტური რიტორიკით მეზობელი მცირე ერების მიმართ. დასავლეთს ვერ დაბრალდება ის, რომ რუსები თავის სისხლთან და ხორცთან, ნათესავ ერებთანაც ვერ ალაგებენ სიტუაციას, დასავლეთს ვერ დაბრალდება ის, რომ თავად რუსული ელიტა გამოირჩევა ისტერიული ნაციონალიზმითა და შოვინისტური აროგანტულობით, დასავლეთს ვერ დაბრალდება ის, რომ რუსეთი მხოლოდ ფორმალურად არის ქრისტიანული სახელმწიფო (ფარისევლური ფსევდორელიგიური ფინანსური კაპიტალიზმი) და მან უღალატა ხალხთა სოციალისტური თანამეგობრობის, ჭეშმარიტად ქრისტიანული სათნოებით აღსავსე სეკულარულ იდეას. რუსული ბოლშევიზმი იყო სეკულარიზებული მართლმადიდებლობა, საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი - საგანმანათლებლო-კულტურული მესიანიზმის, შრომითი და სამეცნიერო ასკეტიზმის საფუძვლებზე აღორძინებული ახალი წითელი ბიზანტია. სადღეისოდ, აშშ-ისა და რუსეთის ფორმალური, ძალადაკარგული ქრისტიანობა, სამეცნიერო-კულტურული თვალსაზრისით სრულიად ბერწი და უნაყოფოა, რომლის ავანგარდში ნეოლიბერალურ ელიტათა რელიგიური არტისტიზმი, ხოლო არიერგარდში გაბითურებულ მასათა მიმიკრიული ფარისევლობა დგას. პოსტმოდერნისტული ფინანსური კაპიტალიზმი გამორიცხავს, როგორც არსებით, ნაყოფისმომცემ რელიგიურობას, ისე სეკულარულ-საგანმანათლებლო მესიანიზმსა და კულტურულ-სამეცნიერო პარადიგმას, მისი რელიგიურობა ისეთივე ყალბი, ფასადური და ნაცრისფერია, როგორც მისივე ვულგარული ათეიზმი. ამ და სხვა თვალსაზრისით, აშშ-ისა და რუსეთს შორის, დღესდღეობით პრინციპული განსხვავების მოძიება ერთობ რთულია. რუსეთი არის სარკე, რომელშიც დასავლეთი იხედება - იგი დღევანდელ რუსეთში საკუთარ მახინჯ სიფათს ხედავს და მძულვარებით აღსავსე ცდილობს სარკის განადგურებას. წარმატების შემთხვევაშიც კი, რაც რბილად რომ ვთქვათ, ერთობ საეჭვოა, იგი ადალბერტ ფონ შამისოს პერსონაჟის, პიტერ შლემილისგან განსხვავებით, ვერ გათავისუფლდება თავისივე ჩრდილისგან, მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი სული (ცხადია თუ მსგავსი რამ, მას ოდესმე გააჩნდა) უკვე რახანია გაყიდა.

 

მჭვრეტელი სულისთვის, რომელმაც საბოლოოდ მოიშორა თავიდან შოვინისტური აღტყინება, ნაციონალისტური ისტერია და სხვა ერთა სიძულვილის საშუალებით საკუთარი უბადრუკი არსებობის გამართლება, თანდათან გასაგები და ჩაწვდომადი ხდება ჭეშმარიტება - არის რაღაც საშინლად უხამსი და უპატიოსნო, საკუთარი თავის, როგორც ნაციონალისტის აგრესიულ თვითდადასტურებაში, მის უკან იმალება საზარელი ანტიარისტოკრატიზმი და მაღალი კულტურის ნაკლებობა. ამგვარ თვითდადასტურებას დასაბამითგანვე გააჩნია გარკვეული დემონური საწყისი - როდესაც საკუთარ თავს სხვათა დასანახად, აგრესიულად მიაწერ გარკვეულ ღირსებასა და კეთილშობილებას, (სამშობლოს სიყვარული კი სწორედ ამგვარ სათნოებათა რიგს განეკუთვნება) ამით ავტომატურად გამოჰყოფ შენს თავს ხალხის მთლიანობისგან და წარმოსახვაში მათზე მაღლა აყენებ, აქედან კი ერთი ნაბიჯია საკუთარ შეხედულებათა, საერთო-ეროვნულ ნარატივად გასაღებამდე, შემდგომში კი პატრიოტიზმის მონოპოლიზაციამდე. ნაციონალიზმში ჩადებულია სოლიფსისტური რადიკალიზმის სატანური პოტენციალი, რომელსაც გააჩნია მადეზინტეგრირებელი ბუნება, იგი იწვევს ერის გახლეჩას, განსხვავებულად მოაზროვნე, (თვით)კრიტიკული პიროვნებების აგენტებად შერაცხვას, კონსპირაციულობასა და დაუსრულებელ პარანოიას.

 

ჭეშმარიტად ეროვნული ადამიანი არ გაჰყვირის თვის ღირსებათა შესახებ. პატრიოტი ისაა, ვინც ჩუმად და წყნარად აკეთებს ქვეყნის საკეთებელს, სხვებისგან მალულად იქმს სიკეთეს და სხვათა მხრიდან შექებას წამოწითლებით პასუხობს. სამშობლოს მოყვარული მშვიდი საქმითა და თავდადებით შეიცნობა, ე.წ. ნაციონალისტი კი მყვირალა სიტყვით, ბაქი-ბუქობით, განდიდების მანიით, გამუდმებული თითების ქნევითა და აგენტების ძიებით, თვითკრიტიკულ თანამოძმეთა ლანძღვა-გინებით, შუღლისა და სიძულვილის თესვით, განყოფისა და დისკრიმინაციის მორალური დაკანონებით. ეროვნულ ადამიანს თავისი სამშობლო უყვარს, მისთვის ყოველდღიურად იღვწის და საჭირო მომენტში თავგანწირვისთვისაც მზადაა; საკუთარი თავის ოლიმპოზე ამყვან ნაციონალისტს სხვა ერები სძულს, თავისი ხალხისა და ერის სიძულვილს კი ვერ აცნობიერებს, ყოველგვარი ქსენოფობიის მიღმა იმალება ღრმად ფესვგადგმული, გაუცნობიერებელი ოიკოფობია და მიზანთროპია.

 

ქართულ პოლიტიკაში, უკანასკნელი, ჭეშმარიტად ეროვნული კაცი იყო ვასილ მჟავანაძე, მას შემდეგ იყო ბევრი ხმაური, აურზაური და ნაციონალისტური თვითგანდიდება, მაგრამ სამშობლოსთვის სასიკეთოდ ნამდვილად არავინ დახარჯულა.

 

ნაციონალიზმის უხამსობა და სულიერი სიღატაკე ვლინდება საკუთარი ერის ღირსებათა უგონო განდიდებასა და მტრის სათნოებათა ასეთსავე დაკნინებაში. ქართველ ნაციონალისტებს უყვართ დიდი რუსი ფილოსოფოსებისა და მწერლების თვითკრიტიკულ განაზრებათა უკონტექსტო ციტირება, რათა დიდი რუსული კულტურა, თავისი ჭკუის შესაბამისად, დაამცირონ  და გააარაფრონ, ამ მიზნით ისინი ხშირად იშველიებენ: ვასილი როზანოვის, დიმიტრი მერეჟკოვსკის, ანდრეი ბელის, ვლადიმირ სოლოვიოვის, ლევ ტოლსტოისა და სხვათა თვითკრიტიკულ მოსაზრებებს. ჩვენს მედასავლეთე ნაციონალისტებს მართლა რომ წაკითხული ჰქონდეთ ზემოთ ჩამოთვლილ ან სხვა დიდი რუს მოაზროვნეთა ნაშრომები და ნაწარმოები, ისინი გაიაზრებდნენ იმას, თუ "ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია" - როცა შენი ხალხი და სამშობლო ჭეშმარიტად გიყვარს, მის ნაკლოვანებებსა და მანკიერებებს გულისტკივილით ამხელ - სხვა ერის გენიოს შვილთა თვითკრიტიკული და ცრემლნარევი ტკივილით აღსავსე მოსაზრებათა საკუთარი ბნელი მიზნებისთვის გამოყენება და მისი დამახინჯებული ინტერპრეტაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნაციონალიზმის უხამსობასა და ანტიარისტოკრატიულ ბუნებას. ეგრე რუს ნაციონალისტებსაც ხომ შეეძლოთ: ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მიხეილ ჯავახიშვილის, გრიგოლ რობაქიძის, კიტა ბუაჩიძის, არჩილ ჯორჯაძისა და სხვათა თვითკრიტიკული, ქართველთა მამხილებელი სიტყვების ციტირება, ამით დაკნინდებოდა ჩვენი დიდებული ქართული კულტურა? თუ რუს შოვინისტებს მოემატებოდათ ჭკუა? დაამტკიცებდნენ იმას, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქართველ ინტელექტუალთ თვისი ქვეყანა არ უყვარდათ?

 

ისტორიკოსთათვის ცნობილია, რომ მაღალი კულტურა ყოველთვის დიდ იმპერიულ სივრცეში იქმნება, განკერძოებულ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენილ და უცხოელთა პასიურად მოიმედე ნაციონალურ სახელმწიფოებს კი, დამოუკიდებლად არავითარი კულტურის შექმნა არ შეუძლიათ. ისინი ხშირად პარაზიტირებენ იმპერიულ სუპერ-სისტემაზე და დიდი იმპერიული სივრცის დახმარებით ჰქმნიან თავის ეროვნულ კულტურას; კულტურული მიღწევანი და ეკონომიკური აღმავლობა ზრდის ნაციონალურ ამპარტავნებას, იქმნება ილუზია, რომ იმპერიის მიღმა, განკერძოებულად მყოფნი ისინი ეკონომიკურ-კულტურული განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მოახერხებენ ასვლას. ცინიკური ისტორია კი ყოველთვის საპირისპიროდ წყვეტს საქმეს, ცხოვრების სასტიკი მდინარება კი სულ სხვა მიმართულებით მიედინება - იგი ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რასაც აღტყინებულ, ლიბერალ-პატრიოტთა ნახირი ისტერიული გულმოდგინებით განსჯის.

 

ჩვენ აქამდეც აღვნიშნეთ, რომ ნაციონალიზმი დიდ საერთაშორისო პოლიტიკაში იგივეა, რაც ინდივიდის განთავისუფლების მქადაგებელი ლიბერალიზმი, იმ განსხვავებით, რომ ნაციონალიზმი ანთავისუფლებს ხალხებს იმპერიული სივრცისგან, მაგრამ მან ისევე არ იცის რა მოუხერხოს ამ ე.წ. თავისუფლებას, როგორც არ იცის დეზინტეგრირებულმა, საზოგადოებისა და ყოფიერებისგან გაუცხოებულმა ლიბერალმა უნტერმენშმა, არ იცის იმიტომ, რომ ლიბერალიზმიცა და ნაციონალიზმიც თავსდებიან ნეგატიური, აპოფატიკური თავისუფლების პარადიგმაში, ხოლო რამდენადაც ნეგატიურ თავისუფლებას არ შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური შედეგი, ლიბერალ-ბურჟუაზიული ნაცია-სახელმწიფოები, უბრალოდ ბევრს ყბედობენ თავის კულტურულ აღმატებულობაზე, აყივნებენ იმპერიასა და იმპერიალიზმს, საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ თუ მათ ოდესმე მაღალი კულტურა შეუქმნიათ, ან თავად ჰყოფილან იმპერიები, ან სხვა დიდ იმპერიათა შემადგენლობაში ასულან ცივილური განვითარების ზემო საფეხურებზე. საქართველოს შემთხვევაში ორთავე ფაქტი სახეზე გვაქვს.

 

ზემოთ აღვნიშნე, რომ ისტორიკოსებმა კარგად იციან თუ სად მოიძევება დიდი კულტურების გენეზისი, მაგრამ თვით ინტელექტუალთა შორისაც კი, ცოტას თუ აქვს ღრმად გააზრებული, თუ რატომ იბადება მაღალი კულტურა იმპერიაში და არა ნაცია-სახელმწიფოში.

 

ისტორიოგრაფიასა და ისტორიის ფილოსოფიაში, ჩვეულებრივ გავრცელებულია მოსაზრება, რომ დიდ იმპერიულ სივრცეში უმაღლესი კულტურის აღორძინებას განაპირობებს მასში შემავალი: ეთნოსების,ნაციებისა და ხალხების სიჭრელე/მრავალფეროვნება, მათი კომპლემენტარული და ურთიერთშემავსებელი თანაარსებობა - იმპერიაში თითოეული ერი საკუთარი კულტურული მონაგარის გაცვლის, მიღება-გაცემისა და თანაზიარობის წყალობით, სულ უფრო მაღლა სწევს თვის კულტურულ დონეს,რაიც გამოიხატება: მეცნიერების, ლიტერატურის, განათლებისა და ხელოვნების იმგვარი აღმავლობით, როგორიც შეუძლებელი იქნებოდა განკერძოებული და ატომიზებული ნაცია-სახელმწიფოს არსებობის პირობებში.

 

ლ.ი. ბრეჟნევი ამბობდა: "ყოველ საბჭოთა კულტურას ასაზრდოებს არა მარტო საკუთარი წყაროები, არამედ სხვა მოძმე ხალხების სულიერი სიმდიდრე და თავის მხრივ იგი კეთილნაყოფიერ გავლენას ახდენს მათზე, ამდიდრებს მათ."

 

იმპერიაში კულტურულად შედარებით ჩამორჩენილ ერებს საშუალება ეძლევათ, სხვა უფრო დაწინაურებული ხალხების გამოცდილების გაზიარების გზით, თავისი კულტურა აქამდე არნახულ სიმაღლეზე აიყვანონ, მეტიც, გარკვეულ შემთხვევებსა თუ ასპექტებში გადაუსწრონ და აჯობონ კიდეც იმპერიის ღერძული, ცენტრალური ხალხის უმდიდრეს სულიერ კულტურას.

 

ჩვენი მეტაფიზიკური სკეპტიციზმი გვაიძულებს არ შემოვიფარგლოთ ამგვარი ზედაპირული არგუმენტაციით. ზემოთ მოცემული განაზრებანი უდავოდ ჭეშმარიტია, მაგრამ იგი საგანთა და მოვლენათა ღრმა შრეებს ვერ სწვდება.

 

იმპერიის ფენომენის გააზრებისას, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს მისი ონტოლოგიური თვისებების ანალიზს და ამ არსებით მახასიათებელთა ნაცია-სახელმწიფოს ხელოვნურ კონსტრუქტთან შეპირისპირებას.

 

ბურჟუაზიული ნაცია-სახელმწიფოსთვის ნიშნეულია თვითკმაყოფილება, სტაგნაცია და ჭაობის მშვიდობა, იმპერია კი სულით მარად დაუდგრომელი, დინამიური, უკმაყოფილო, მიწყივ გაფართოებისკენ, ექსპანსიისკენ, დამპყრობლური ომებისკენ მიისწრაფვის. ნაცია-სახელმწიფო თავის თავში გულისხმობს ნეგატიურ თავისუფლებას, იმპერია-პოზიტიურ პროექტს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ხალხები უნდა ჩაერთნონ, ნაცია-სახელმწიფო გარანტიებს ითხოვს თავისი რუტინული ყოველდღიურობისა და არაფრისმომცემი მშვიდობის შენარჩუნებისთვის, იგი თავის მდარე და უბადრუკ სიცოცხლეს ებღაუჭება, იმპერია თვისივე ნებით მიექანება იქ, სადაც საფრთხე, სიკვდილი და განადგურებაა ჩასაფრებული, ნაცია-სახელმწიფო მშიშარა მარტოსულია, ეული და ყველასგან მიტოვებული, იმპერია ვაჟკაცურად დგება სიკვდილის წინაშე, იგი ამ გზას თავად ირჩევს, რათა სიკვდილითა სიკვდილი დათრგუნოს, თავის სულში შიშის ყოველგვარი გაელვება ჩაჰკლას და კაცობრიობა უმაღლესი კულტურის მგზნებარე ცეცხლით განანათლოს.

 

ნაციონალისტებს უყვართ იმპერიის ზერელე და ემოციური კრიტიკა, მაგრამ თავადაც არ ესმით, თუ რისთვის ამუნათებენ იმპერიას. ექსპანსიური ომებისა და ტერიტორიული გაფართოებისადმი მოუსვენარი სწრაფვის გამო? თუ ასეა, მაშ რატომ არიან იგივე ნაციონალისტნი "მესამე რეიხის" გულმხურვალე აპოლოგეტები და ჰიტლერის მიმდევრები? გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები არ აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს? 1933-45 წლების გერმანია თავად არ იყო იმპერია? აქ საქმე გვაქვს აშკარა გაუგებრობასთან, ან ფარისევლობასა და ორმაგ სტანდარტებთან.

 

იმპერია მიწყივ ექსპანსირებისკენ მიიდრიკება, სადაც ტერიტორიული გაფართოების წადილია, იქ ომია, სადაც ომია, იქ სიკვდილთან ნებაყოფლობითი პირისპირ დგომაა, ხოლო საცა სიკვდილის უწყვეტი ხსოვნაა იქ იფურჩქნება ჭეშმარიტი სიცოცხლეც, ასეთი სრულყოფილი და სისხლსავსე სიცოცხლე ინარჩუნებს უმაღლესი კულტურის ყლორტის გამომღებ სიმკვრივესა და ელასტიურობას. იმპერია გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს მიძინებულ მსოფლიოს - იგი სიკვდილს სთესავს, რათა ახალი სიცოცხლე გააჩინოს, იგი ნგრევასა და განადგურებას იწვევს, რათა ამ ქაოსში ახალი წესრიგი დაიბადოს, იგი სიკვდილის აპოთეოზის მეშვეობით აბრუნებს ტრიუმფალურ მეტაფიზიკას - საცა სიკვდილ-სიცოცხლის დაუნდობელი ბრძოლაა, იქაა მეტაფიზიკა. ომის სისხლითა და ცრემლით მორწყულ ცეცხლოვან ველზე ბრუნდება მრისხანე ღმერთი, ვითარცა კეისარი.

 

კულტურა რეპრესიაა, რეპრესია ძალადობაა, ძალადობის უმაღლესი და ყველაზე საკრალური ფორმა ომია, ომის წარმოება დიად იმპერიათა ხვედრია - მაშასადამე, უმაღლესი კულტურა დიდ იმპერიულ სივრცეში იბადება, ეს თავად ისტორიისა და ყოფიერების დიალექტიკური კანონზომიერებაა.

 

ჩვენ, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ საქართველო მოდერნულ ნაციად უდავოდ რუსული იმპერიის ფარგლებში ჩამოყალიბდა, თუმცა იქვე ისიც დავსძინეთ, რომ ნეომარქსიზმის თეორეტიკოსთა მტკიცება, თითქოს "რუსეთმა საქართველო გამოიგონა" სრულიად გადაჭარბებული და აბსურდულია, რამეთუ ერთიანი (თვით იმპერიული) საქართველო, ქართული იდენტობა და ქართველი, ვითარცა ერი საუკუნეებით ადრე არსებობდა, მეტიც, იგი არათუ უბრალოდ არსებობდა, არამედ უმაღლეს საიმპერიო-უნივერსალისტურ კულტურას თავად ჰქმნიდა, მაშინ როდესაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები, ერთი მოსწრებული გამოთქმის თანახმად, მართლაც ტყეში დარბოდნენ და ბარბაროსები იყვნენ - ამას რუსი ხალხისა და მათი კულტურის სიძულვილი, ან პატრიოტული აღტყინება კი არ გვალაპარაკებს, არამედ სამეცნიერო ეთოსი - ყოველივე თქმული მშრალი მეცნიერული და ისტორიული ფაქტებია.

 

მიუხედავად ამისა, ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ნაციის სისტემური დაფუძნება რუსეთის იმპერიაში მოხდა - ცარისტულ რუსეთში დაიწყო ქართული კულტურის ევროპეიზაცია, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პარადიგმის ფორმირება, მოდერნული კულტურული ნაციისთვის დამახასიათებელი ხელოვნების დარგთა აღორძინება და ა.შ. რუსეთის პრუსიულმა განათლების სისტემამ დიდი გასაქანი მისცა ქართველი ხალხის შემოქმედებით გენიას, ჩვენი ერის მოწინავე ინტელექტუალთა მეცადინეობით, საქართველო კიდევ ერთხელ ამაღლდა საიმპერიო-უნივერსალისტურ კულტურამდე, ქართველნი გატაცებით ეზიარნენ ევროპისა და რუსეთის უდიადესი: ლიტერატურის, მეცნიერებისა თუ ხელოვნების ღვთაებრივ ნამოღვაწარს, ერთიან იმპერიულ სივრცეში ყოფნისა და საკუთარი ნიჭის წყალობით, მათ თავადაც მოახერხეს დიდებული კულტურის შექმნა და ნაყოფიერი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. რუსეთის იმპერიაში ინტეგრაცია, რომ არ მომხდარიყო, ევროპისგან მოწყვეტილი და მივიწყებული, ისლამურ რკალში მოქცეული საქართველო ვერ ეზიარებოდა დიდ განმანათლებლურ პაიდეიას, ევროპულ და რუსულ უმაღლეს კულტურას, მეცნიერებას, ხელოვნებას; არ გვეყოლებოდა მე-19 საუკუნისა და ადრეული მე-20 საუკუნის ის გენიალური მწერალნი, განმანათლებელნი და მოაზროვნენი, რომელთა სახელებითაც ასე ძლიერ ვამაყობთ. ის, ვინც საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს ან ცრუობს, ან სულაც ვერაფერი გაუგია ისტორიისა.

 

საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირში ინტეგრირება, ქართული კულტურის, მეცნიერებისა და განათლების აქამდე არნახული სისტემური აღორძინებით ხასიათდება. საბჭოთა კავშირში, წარმოუდგენელი მასშტაბი მიეცა საქართველოში მეცნიერების განვითარებას, ასე მაგალითად: 1958 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიუჯეტი შეადგენდა 93,3 მილიონს, იმავე წელს, საქართველოში იყო 145 სამეცნიერო ინსტიტუტი/დაწესებულება, ხოლო 1975 წელს უკვე 188 ! სამეცნიერო ინსტიტუტი/დაწესებულება.

 

1933 წელს, საქართველოში დაარსდა მათემატიკის ინსტიტუტი, რომელთა კორიფეებმა: ანდრია რაზმაძემ, ნიკო მუსხელიშვილმა, გიორგი ნიკოლაძემ, არჩილ ხარაბაძემ და სხვებმა მთელს მსოფლიოში გაითქვეს სახელი თავისი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომებით.

 

საბჭოთა საქართველოში სხვადასხვა წლებში დაარსდა: ფიზიკის (1935), გეოფიზიკის (1933), ქიმიის (1929), გეოლოგიის (1925), ფილოსოფიის (1946), ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის, ენათმეცნიერების, ისტორიის და სხვა ინსტიტუტები. (აქ მათი სრულიად ჩამოთვლა შეუძლებელია).

 

საბჭოთა საიმპერიო-სოციალისტურმა სუპერ-სისტემამ საქართველოში წარმოშვა მეცნიერების ისეთი კორიფენი, როგორებიც არიან: ივანე ბერიტაშვილი, ილია ვეკუა, სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, თამაზ გამყრელიძე, კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა და სხვანი.

 

საბჭოთა სისტემამ უზრუნველჰყო ქართული კინემატოგრაფიის ტრიუმფალური განვითარება. სოციალისტური იმპერიისა და ქართველთა ღვთაებრივი ნიჭიერების სინთეზმა, ჩვენს სამშობლოს არგუნა ისეთი დიდებული კინორეჟისორები, როგორებიც არიან: დავით რონდელი, სიკო დოლიძე, მიხეილ კატალოზიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ნიკოლოზ სანიშვილი, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ნელი ნენოვა და გენო წულაია, თენგიზ აბულაძე და მრავალი სხვა. აღარაფერს ვამბობ, თეატრისა და კინოს გენიალურ საბჭოთა ქართველ მსახიობებზე.

 

აღნიშნული წერილის ფორმატიდან გამომდინარე, სრულიად ზედმეტად მეჩვენება, საბჭოთა ქართული ლიტერატურის, ხელოვნების სხვადასხვა დარგთა თუ სპორტის სახეობათა დაუჯერებელი აღზევებისა და წარმატების პერიპეტიებზე საუბარი; რომ არაფერი ვთქვათ სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის, სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისა და ფაბრიკა-ქარხნების რაოდენობის შესახებ - საბჭოთა ეკონომიკური ანთროპოლოგიის  აღწერა სხვა დროისთვის გადავდოთ.

 

მე-19 და მე-20 საუკუნეებში, რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა ხალხთა თანამეგობრობაში შემავალმა საქართველომ, განიცადა სისტემური ნაციონალიზაცია, განხორციელდა აქამდე გაბნეული და დეზორგანიზებული სულიერი თუ მატერიალური ტრადიციების, კულტურული იდენტობის, სოციალური ელემენტებისა და არქეტიპების ერთიან ეროვნულ ქსოვილში, ცნობიერებასა და ენაში თავმოყრა - რუსეთის მონარქისტულ იმპერიასა და საბჭოთა კავშირში მოხდა საქართველოს მოდერნიზაცია და ევროპეიზაცია, სხვაგვარად ეს პროცესი უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. ის ვინც ისტერიულად გაჰკივის, რომ თითქოს რუსეთმა საქართველო ევროპულ კულტურას მოსწყვიტა, ან უსინდისოდ ტყუის ან სრულიად უმეცარია - სინამდვილეში ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა.

 

აქვე, ორიოდე სიტყვა ევროპული და რუსული კულტურების ურთიერთმიმართების შესახებ. ცხადია, რომ არ ყოფილიყო ფრანგული განმანათლებლობა და გერმანული ფილოსოფია, რუსეთში ვერ დაიბადებოდნენ ტოლსტოი და დოსტოევსკი, თუმცა ეს თავისთავად ვერ ამტკიცებს ფრანგული თუ გერმანული კულტურის რუსულზე უპირატესობას. რუსეთში, ევროპული სულის კრიზისისა და განმანათლებლურ-ათეისტური სკეპტიციზმის შესვლამ, შინაგანი ხლეჩა და წინააღმდეგობა გამოიწვია, რაიც საფუძვლად დაედო რუსეთის უმაღლესი კულტურის აღორძინებას; ევროპული რაციონალიზმი რუსულ ლბილ და ნოყიერ ნიადაგზე გახარებულ ნერგს დაემყნო, რუსეთში ევროპული მოდერნი მართლმადიდებლურ სამონასტრო კულტურასა და სოფლის თემზე დასაფუძვლდა, აქედან ტოლსტოისა და დოსტოევსკის არნახული, თვით დიდი დასავლური სულიერებისთვის მიუწვდომელი რელიგიურობა - რადიკალური ნიჰილიზმისა და მართლმადიდებლური ასკეტიზმის პარადოქსული სინთეზი, აქედან მათში არსებული საოცრად მძლავრი სახალხო ინსტინქტები და რუსული სოფლის სიყვარული, აქედან რუსული ფსიქოლოგიური რომანისა თუ ნოველის არამიწიერი გაქანება, რომლის მსგავსი უცხოა ევროპის დიდებული სოციალურ-ფსიქოლოგიური პროზისათვის.

 

ახლა კი, მივადექით მთავარს - ქართული ნაციისა და რუსული იმპერიის დიალექტიკურ ურთიერთმიმართებას. ის, რომ საქართველო, როგორც მოდერნული ნაცია რუსეთის იმპერიულ სისტემაში შეიქმნა და შემდგომ საბჭოთა იმპერიის ფარგლებში მიაღწია სრულყოფილებას, უდავოდ ისტორიული ფაქტია - დიდ იმპერიულ სუპერ-სისტემაში მიმდინარე ორსაუკუნოვან მოდერნიზაციასა და ნაციონალიზაციას არ შეიძლებოდა უზარმაზარი ზეგავლენა არ მოეხდინა ქართველი ერის კოლექტიური ფსიქიკის შინაარსსა და ხალხის მენტალურ სტრუქტურაზე.

 

დიდი ქართველი ნაციონალისტი მწერლები: აკაკი წერეთელი, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია და სხვანი, მიიჩნევდნენ, რომ რუსულმა კულტურამ გადააგვარა საქართველო, თუმცა მსგავსი აპელაციები დაზუსტებას მოითხოვს - სერიოზულად, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ოდენ ყოფითი, მატერიალური კულტურის დეკადანსზე და არა უმაღლეს სულიერ-არისტოკრატიულ კულტურაზე, რაიც ყოველი ნამდვილი ინტელიგენტისთვის უპირველესია - მაღალი კულტურა საქართველოში, მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ სწორედ რუსული იმპერიის საზღვრებში აღორძინდა. რაც შეეხება ყოფით კულტურას, მისი "გადაგვარება", რაზეც დღემდე ასე ხშირად დარდობენ ჩვენი ნაციონალისტები თუ კონსერვატორები, გამოიწვია ევროპულმა მოდერნიზმმა, საგანმანათლებლო სკეპტიციზმმა და მისთვის დამახასიათებელმა მორალურმა რელატივიზმმა, რამაც ოდნავ მოგვიანებით რუსეთშიც მოიკიდა ფეხი - ასე რომ, ვინც ევროპეიზებულ რუსეთს ადანაშაულებს ქართული კულტურის "გადაგვარებაში", მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს "გადაგვარება" ყოველთვის და ყველგან თან ახლავს მოდერნიზაციასა და ევროპეიზაციას, იგი არსებითადაა დამახასიათებელი თავად ევროპისთვის.

 

იმპერიაში ყოფნის გამოცდილებამ, ქართული ნაციის კოლექტიურ ფსიქიკაში ძალაუნებურად გააჩინა ანტიიმპერიული აფექტი, ვითარცა რეაქცია ცარიზმის აგრესიულ პოლიტიკაზე და მისწრაფება საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ. აქ, აუცილებლად მეჩვენება ქართველთა ანტიიმპერიული აფექტის ანალიზი/დეკონსტრუქცია.

 

ანტიიმპერიული აფექტი დგას ნეგატიური თავისუფლების კონცენფციაზე და გამორიცხავს პოზიტიურ, რაციონალურ პროექტს, იგი ემოციებზე აგებული ირაციონალური სტიქიაა, რაიც შეუძლებელს ხდის გონივრული გეგმებისა და მეცნიერული არგუმენტაციის განსაზღვრული მიზნით გამოყენებას.

 

საქართველოში, აპოლონური (ნათელი) ლოგოსის ზეობა, დავითისა და თამარის მეფობის შემდეგ დასრულდა, ის გამოიხატებოდა რაციონალურ-ინტეგრაციული იმპერიული მოდელის სამხედრო-პოლიტიკური საშუალებებით ხორცშესხმაში. დავითისა და თამარის ქართული იმპერია, ეფუძნებოდა ცივსისხლიან, კეთილგონივრულ პოლიტიკურ გათვლებსა და გაანგარიშებებს, პოლიტიკურ რაციონალიზმსა და პრაგმატიზმს, გონების მეუფებას, არა უსაზრისო, უპასუხისმგებლო და თვითდამაზიანებელ აფექტებსა და ემოციებს.

 

მე-19 საუკუნეში, რუსეთის იმპერიის ფარგლებში ჩასახული ქართული ნაციონალიზმი განასახიერებს დიონისური (ბნელი) ლოგოსის ძალმოსილებასა და გაშმაგებას - იგია ღმერთთან მებრძოლი ტიტანი, რომლის უმაღლესი მიზანია იმპერიისგან გათავისუფლება.

 

ტიტანის განთავისუფლების ინტენციას, ქართველთა კოლექტიური ფსიქიკის ღრმა შრეებში გააჩნია შესატყვისი არქეტიპი - ამირანი. ამირანის გეშტალტი (ა. დუგინი) მოიცავს ქართველთა ღმერთმებრძოლი, დიონისური გახელების პოტენციალის ექსპლიცირებას. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს რომ, ამირანის გეშტალტი დაკავშირებულია ორ ლოგოსურ განზომილებასთან - დიონისურ (ბნელი) და კიბელე (შავი), იგი გამორიცხავს აპოლონურ სინათლესა და რაციონალურობას, დიონისესა და კიბელეს მეომრული რისხვა, უპირველეს ყოვლისა არის ბრძოლა ნათელი გონების წინააღმდეგ.

 

როდესაც ნაწილი იბრძვის იმ მთლიანობის წინააღმდეგ, რომელსაც თავად განეკუთვნება, იგი საკუთარ თავს გაუცნობიერებლად ანადგურებს. რუსეთის იმპერიაში ჩამოყალიბებულმა ქართულმა ნაციონალიზმმა დაიწყო იმპერიულ ცენტრალიზმთან, რუსეთთან ბრძოლით და დღეისათვის, იგი ასრულებს არსებობას თავად საქართველოს განადგურებითა და თვითგაუქმებით.

 

ქართული ნაციონალიზმის მთელი პარადოქსულობა იმაშია, რომ იმპერიასთან ბრძოლით, იგი უპირისპირდება არა მარტო რუსეთს, არამედ საკუთარ სამშობლოს, რადგანაც საქართველო, როგორც მოდერნული ნაცია რუსეთის იმპერიაში შეიქმნა, მაშასადამე ქართული ანტირუსული ნაციონალიზმი ანადგურებს არა მარტო ჩვენს მოდერნისტულ-საგანმანათლებლო, მეცნიერულ, სულიერ თუ კულტურულ მემკვიდრეობას და იმპერიაში სისტემატიზებულ ქართულ იდენტობას, არამედ საბოლოო ჯამში იგი უდიდეს საფრთხეს უქმნის საკუთარი ქვეყნის ფიზიკურ არსებობას. ჩემი ამ დიალექტიკური მსჯელობის სიმართლეს, ადასტურებს თავად ისტორია.

 

ილია ჭავჭავაძის ეროვნულ-განმანათლებლურ მსოფლმხედველობაში, უხვად მოიპოვება ნათელი, აპოლონური პლასტები, აქედან მომდინარეობს მისი პრაგმატული და ლოიალური დამოკიდებულება რუსეთის იმპერიის მიმართ, აქედან ოდენ კულტურული ავტონომიის სურვილი და არა იმპერიისგან გამოყოფის ემოციურ-აფექტური მოთხოვნა. თუნდაც მხოლოდ ამიტომ, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენზე, ილია ჭავჭავაძის მიჩნევა, ქართული დიონისურ-კიბელური, ანტირუსული ლიბერალ-ნაციონალიზმის ფუძემდებლად, აბსურდული და ღიმილის მომგვრელია.

 

ქართული ნაციონალიზმი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით, ყოველთვის დიონისური აღშფოთებითა და უგონობით ხასიათდებოდა. ცალკეულ დიდებულ ინტელექტუალთა (ზურაბ ხასაია, გოჩა გვასალია, ვიქტორ რცხილაძე და სხვანი) სამეცნიერო ნამოღვაწარსა და ძალისხმევას, ამ მკაცრი რეალობის შეცვლა არ შეეძლო. მიუხედავად ამისა, გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, ან იქნებ მისი ჩათვლითაც, ქართული ნაციონალიზმი ინარჩუნებდა გარკვეულ მამაკაცურ თვისებებსა და ტრადიციისადმი ნებას, თუმცაღა უკვე 80-90-იან წლებში შეინიშნებოდა კიბელეს ლოგოსის სუსხი, რაიც მოგვიანებით ატლანტისტურ მისწრაფებებსა და მედასავლეთეობაში გადაიზარდა.

 

ზვიადიზმი იყო გარდამავალი ეტაპი, შედარებით მამაკაცურ (მართალია უგონო და უპასუხისმგებლო), დიონისურ ანტიიმპერიულ აფექტსა და ფემინურ (კიბელე) ანტირუსულ ისტერიას შორის. ზვიადიზმში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ტრადიცია, შეკვეცილი საგანმანათლებლო პარადიგმა, კულტურული იდენტობა, მაგრამ ვერ ხდება იმაზე რეფლექსირება, რომ ყოველივე ზემოთ ნახსენები, ძირითადად რუსეთის იმპერიული სისტემის პირმშოა, აქედან ზვიადიზმისთვის დამახასიათებელი არქაიზმში გაქცევა, აქედან წარმართობითა და ეზოთერიკით უცნაური გატაცება, აქედან კავკასიური სახლის აბსოლუტურად ფანტასმაგორიული იდეა, აქედან უმაღლესი სულიერი კულტურის უკანა პლანზე გადაწევა და ყოფით-მატერიალური, ვულგარული ტრადიციონალიზმის ფორმების აღზევება. ზვიადიზმში იმთავითვე ჩადებული იყო თვითდესტრუქციული პოტენციალი. ეროვნული მოძრაობის კრახი და სახელმწიფო გადატრიალება სრულიადაც არ ყოფილა შემთხვევითი, იგი ვერ დაბრალდება მარტოოდენ ცალკეულ პუტჩისტსა და მოღალატეს. ზვიადიზმის ფიასკო გამოიწვია თავად ქართული ნაციონალიზმის თვითგამანადგურებელმა ბუნებამ - რა წამს ქართული ნაციონალიზმი აგრესიულად ადასტურებს თავის თავს, იგი იწყებს საკუთარი სხეულის განადგურებას, მისი ანტირუსული ისტერიის უკან, ყოველთვის დგას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის გაუცნობიერებელი სიძულვილი, გადაულახავი ოიკოფობია და მიზანთროპია.

 

ლიბერალ-მიშიზმი არის ზვიადიზმი, რომელმაც მუტაცია განიცადა, იგია ზვიადიზმი თავ-უკუღმა. ლიბერალ-მიშიზმი არის ინვერსირებული ქართული ნაციონალიზმი თავის ბოლო სტადიაში, რომელიც საბოლოოდ შეიშალა ჭკუიდან და საკუთარი ერის ფიზიკური განადგურება დაიწყო. ესაა ქართული ნაციონალიზმის უწყვეტი მაგისტრალური ხაზი, რაიც ლოგიკური და კატასტროფული დასასრულის ფაზას უახლოვდება.

 

თუ ზვიადიზმი ამირანის გეშტალტის შედარებით ნათელ მხარეს განასახიერებდა, ლიბერალ-მიშიზმი უკვე დასრულებული სახით მოცემული წყვდიადი და უკუნეთის სიბნელეა. ლიბერალ-მიშიზმი არის მუდმივი და დაუსრულებელი: პანიკის, ისტერიის, შანტაჟისა და პარანოიის მდგომარეობა. მისი ატლანტისტური და პათოლოგიური პროდასავლური მისწრაფებანი კიბელეს ლოგოსის გამოვლინებაა, რომელიც ანტირუსული ისტერიის საფარს მიღმა, გულისხმობს საკუთარი ეროვნული და კულტურული იდენტობის სრულ დეკონსტრუქციას.

 

ლიბერალ-მიშიზმმა საქართველოში პირწმინდად გაანადგურა: სამეცნიერო ინსტიტუტები, კულტურული დაწესებულებანი, საგანმანათლებლო პაიდეია, ინდუსტრია და წარმოების საშუალებანი, სოფლის მეურნეობა, ტრადიციული საზოგადოებრივ-ეკონომიკური ურთიერთობანი - ერთი სიტყვით ყოველივე, რაც ქმნიდა ქართულ იდენტობასა და ჩვენი ერის უმაღლეს სულიერ კულტურას. გაანადგურა რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან ბრძოლის სახელით და ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი - ქართველთა კულტურული და ანთროპოლოგიური იდენტობა, სისტემური სახით სწორედ რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში დაფუძნდა, ჩვენმა ქვეყანამ მოდერნიზაცია იმპერიულ სივრცეში განიცადა. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ რუსეთთან ისტერიულად "მებრძოლი" ლიბერალ-მიშისტური საქონელთა ჯოგი საბოლოო ჯამში: განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, ცივილიზაციასა და ეროვნულ ტრადიციას ებრძვის.

 

ლიბერალ-მიშიზმი არსებითად ქართული ფენომენია, იგი ჩვენი ერის წყეული ნაწილის საზარელი ჰოლოგრამაა; შაგრენის ტყავის დარად დამცრობილი და მილეული ამირანის გეშტალტის უკანასკნელი, მეტად უხამსი გაელვება - ამირანის სიმულაკრი. აქ, კიდევ ერთხელ იჩენს თავს ქართველთათვის დამახასიათებელი: შემოდგომის აზნაურის სინდრომი, ზედაპირულობა, ისტერიულობა, გადაჭარბებული ემოციურობა და კეთილგონიერების, რაციონალიზმის ნაკლებობა.

 

თავგამოდებული და ფანატიკური მედასავლეთეობა ქართველი ერის მენტალური ავადმყოფობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია. ქართველთა პროდასავლური პატრიოტიზმი არის ღარიბი ბურჟუისა და სულით მდაბიორის ობსესია, პათოლოგიური აკვიატება, რომელიც იწყება სულიერი სუიციდით და მთავრდება ფიზიკური განადგურებით. ლიბერალ-მიშიზმი არის საქართველოს სასიკვდილო და საბედისწერო დაავადება.

 

ქართული ლიბერალ-ნაციონალიზმი მონისტური, კონსპირაციული, ექსკლუზიური და რეპრესიულია, იგი მტანჯველი რეალობის სრული გაუქმებისკენ მისწრაფებით, ახდენს ილუზიათა დაუსრულებელ კვლავწარმოებას, ესაა მუდმივი თვითმოტყუებისა და გაბითურების მდგომარეობა, რომლის საშუალებითაც ავადმყოფს უჩნდება განცდა, რომ ის სოციალური იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება; თანამედროვე ქართველი შემოდგომის აზნაურის ამპარტავნება ერთდროულად არის სასაცილო და საშიში, რამეთუ ამგვარი უზნეო აროგანტობა შესაძლოა ღიმილისმომგვრელი, თუმცა უთუოდ დასჯადია.

 

დღეს, ყოველი ნიღაბი ჩამოხსნილია, თითოეული ილუზია დამსხვრეულია, ჩვენმა მედასავლეთე ლიბერალ-ნაციონალისტებმა ყველა დამალული კარტი გაშალეს - ისინი უკვე პირდაპირ, ღიად და აგრესიულად ცდილობენ საქართველოს ისეთ ომში ჩათრევას, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ერის საბოლოო, ფიზიკური განადგურებით დასრულდება. მათი ერთადერთი წადილია საკრალურ მსხვერპლად და ზვარაკად შესწირონ დასავლეთს საქართველო. ესაა ქართული ლიბერალ-ნაციონალიზმის ბოლო სტადია, რომელშიც იგი ამთავრებს თავის უბადრუკ და სირცხვილიან არსებობას; ახლა ის გადამწყვეტ ნაბიჯებს დგას იმისათვის, რათა მთელი საქართველო უფსკრულში გადაიყოლოს.

 

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, დასავლურმა ნეოკოლონიალიზმმა და ტრანსნაციონალურმა ფინანსურმა კაპიტალმა, საქართველოში, მის მიერვე დანიშნული კომპრადორული ელიტების ხელით, მიწასთან გაასწორა ჩვენი: ეკონომიკა, ინდუსტრია, განათლების სისტემა, კულტურა, მეცნიერება, სოფლის მეურნეობა, დემოგრაფია და ა.შ. ვინც ყოველივე ამის შემდეგ, დღემდე ინარჩუნებს დასავლეთისადმი ლოიალურობას და უტიფრად აგრძელებს აშშ-ის ვექილობას, მისგან კვლავაც სიკეთეს გამოელის, ან უგუნურია, ან კაპიტალის დაფინანსებული ლაქია.

 

რაც შეეხება რუსეთს. პუტინიზმი არის დასავლური ნიჰილიზმის პროექცია ევრაზიულ სივრცეში. დღევანდელი რუსეთი არ არის იმპერია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, მას არ გააჩნია პოზიტიური იმპერიულ-უნივერსალური პროექტი და უკრაინაში წამოწყებული ავანტიურისტული ძმათამკვლელი ომი, შესაძლოა, ამ და სხვა მიზეზთა გამო, ძალზედ ძვირად დაუჯდეს. თავის მხრივ, ეს შესაძლებლობა ვერ გადაფარავს თავად უკრაინის კატასტროფულ მდგომარეობასა და დასავლური პოლიტიკის კრახს აღმოსავლეთ ევროპაში. აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ პუტინის აღნიშნული სამხედრო ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი, რუსეთის იმპერიის პერსპექტივები ერთობ ბუნდოვანი რჩება. კატამ არ უნდა მოინდომოს ლომობა - სტალინი ვერ გახდები, სტალინად უნდა დაიბადო.

 

ეძღვნება იოსებ სტალინის ხსოვნას

 

 

 

 

 

 

გაზიარება: